Montag, 1. Januar 2018

ტომატი თუ პომიდორი?

მცენარის ეს სახეობა მსოფლიოში ორი სახელით გავრცელდა: ტომატი და პომიდორი. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. მაიას და აქცტეკების ტომები მას უკვე  II-VII საუკუნეებში იყენებდნენ საკვებად. ევროპაში გავრცელდა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ახალი კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ. XVIII საუკუნემდე დეკორატიულ მცენარედ თვლიდნენ და მომწამლავი ეგონათ. პირველად საკვებად იტალიაში გამოიყენეს და დღეს იტალია პომიდვრის საუკეთესო მწარმოებლად არის მიჩნეული. ინდიელები მას Xitomatl უწოდებდნენ. საფრანგეთში სიყვარულის ვაშლი დაარქვეს, ხოლო იტალიაში ოქროს ვაშლი, რადგან ის თავიდან ყვითელი შეფერილობის იყო. 
ევროპაში პომიდორი სუფრაზე 1900 წლიდან დამკვიდრდა. რუსეთში 1780 წლიდან გავრცელდა და საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევრიდან შემოვიდა. ის აქ ცნობილი გახდა იტალიური სახელით: პომიდორი–"ოქროს ვაშლი."

ესპანეთში, ქალაქ ბუნიოლში ყოველწლიურად იმართება ლა ტომატინას ფესტივალი, რომელიც ეძღვნება ქალაქის მფარველ წმინდანს. ის 1945 წლიდან ტარდებოდა, შემდეგ ფრანსისკო ფრანკოს მმართველობის დროს აიკრძალა და 1980 წელს ისევ აღადგინეს ეს ტრადიცია. ფესტივალი დილის 10 საათზე იწყება, ხოლო პომიდვრებით ბრძოლა 11 საათზე. ის 1 საათი გრძელდება. 1 საათის შემდეგ ბრძოლა და სროლა კატეგორიულად აკრძალულია. დასასრულს ქუჩები საგულდაგულოდ ირეცხება. ფესტივალი გასართობად იმართება და ქალაქში უამრავი ტურისტი, სტუმარი ჩადის. არსებობს მრავალი ვერსია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის როგორ დაიწყო პომიდვრებით ბრძოლა და რატომ დამკვიდრდა ეს ტრადიცია. დღეს ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი აქვს. მასში 22 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და 130 ათას ტონა პომიდორს იმარაგებენ.   


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen